Tuesday, April 30, 2013



ბუნება  შველას  ითხოვს!
პროექტის სახელწოდება:  ,,ბუნება შველას ითხოვს!“
პრობლემა:  ნაგავსაყრელებით დაბინძურებული გარემო;  2012 წლის 19 აგვისტოს სტიქიის (კახეთს თავს დაატყდა
ძლიერი სეტყვა და გრიგალი) შედეგად დაზიანებული და გამხმარი ასაკოვანი ფიჭვები სკოლის
ეზოში.  ისინი მოიჭრა.  საჭიროა
მათი ჩანაცვლება ახალი ნარგავებით!
მიზანი: ეკოლოგიური
განათლების ამაღლება და პრაქტიკული ქმედებებით საკუთარი წვლილის შეტანა ბუნების (სკოლის
ეზოს) მოვლის ღონისძიებებში.
პროექტის მოკლე აღწერა:  პროექტზე მომუშავე მოსწავლეთა ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას
სოფლის გარემომცველი გარემოს ეკოლოგიური მდომარეობის შესახებ, ადგენს საჭირო აქტივობების
ნუსხას, გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც აამაღლებს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონეს
მოსწავლეებში და პრაქტიკული ქმედებებით საკუთარი წვლილს შეიტანენ  სკოლის ეზოს სანიტარული მდომარეობის   მოწესრიგებისა და გამწვანების ღონისძიებებში. ორგანიზებას
გაუკეთებენ დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძრღვნილ სასკოლო კონფერენციას, სადაც,
აგრეთვე, მოახდენენ თემის ირგვლივ მოსწავლეთა მიერ შექმნილ საპრეზენტაციო მასალების
წარდგენას აუდიტორიის     ( მოსწავლეები, მასწავლებლები,
დირექცია, მშობლები, თემის სხვა წარმომადგენლები) წინაშე. შეძლებენ  სამუშაო პროცესების ამსახველი ფოტო მასალების დამუშავებას
საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა პროგრამებით და გამოქვეყნებას ინტერნეტის საშუალებით.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები:  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ( პროექტის
ხელმძღვანელი მოსწავლეები: მარიამ ქართლელიშვილი, ეკა ჩეკურიშვილი, ანი ქართლელიშვილი
-
XI კლასი).
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი თვე (მარტი- აპრილი);
დაფინანსების წყაროები:
დაფინანსების გარეშე;
პროექტის ფარგლებში განხორციელებული
ღონისძიებები,  შედეგები და შექმნილი პროდუქტები:

 ა) საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება,
სამუშაო გეგმის შედგენა, დავალებების გადანაწილება და დროში გაწერა;
ბ)საჭირო მასალის მოძიება ინტერნეტში, სოფლის შემოგარენის დათვალიერება, ფოტოების გადაღება,
გასაუბრებები მოსახლეობასთან, საკითხების შეთანხმება სოფლის მუნიციპალიტეტის სპეციალისტებთან
( უბნებიდან ნაგვის გატანის თაობაზე);
გ)საკონფერენციო თემებზე მუშაობა და მათი წარდგენა: ,,22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო
დღე“, ,,ნაგავსაყრელებით შექმნილი პრობლემები“,
,,დაცული ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა“,  ,,ბუნება შეუბრალებელიცაა - დინოზავრები“ და სხვა;
დ)საინფორმაციო
კედლის გაზეთების გამოშვება:  ,,ჩვენ და ეკოლოგია“,
,,ძირძველი დედამიწა“,  ,, დედამიწა ჩვენი სახლია“,  ,,დედამიწის საერთაშორისო დღე“;
ე)კონფერენციის ორგანიზება და ჩატარება;
ვ)დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გამოფენის მოწყობა თემაზე: ,,ბუნება შველას ითხოვს“;
ზ)სკოლის ეზოს დასუფთავების და გამწვანების აქციის ორგანიზება და ჩატარება. (პროექტის განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და
ნერგებით მომარაგებისათვის მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაცია World
Vision –ის წარმომადგენლებს და ამ ორგანიზაციის ადგილობრივ კოორდინატორებს: პედაგოგებს
_ ლალი გაბუნიძეს და ფატი ბიტარაშვილს, სკოლის დირექციას, აგრეთვე  სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის
მოძღვარს - მამა თეიმურაზს);
თ)პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიზუალური მასალის გამოქვეყნება ბლოგზე, სოციალურ ქსელებში
(fakebook-სა და You Tube-ზე).
სარგებელი სხვებისთვის: ჩატარებული
აქციებში თემის, მასწავლებლების და  ყველა ასაკის
მოსწავლეთა ჩართვით თანამშრომლობის, კომუნიკაციური უნარჩვევების დახვეწა-განვითარება,
გარემოსადმი მზრუნველობის გრძნობის, პატრიოტული თვითშეგნების ამაღლება, ეკოლოგიურ პრობლემებზე  უფრო ღრმად დაფიქრება, საკუთარი როლის გააზრება
მეგობრების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით.
სამუშაო ენა:  ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოც. თემა ამთლიანებს
ბუნებისმეტყველების, ქიმიისა და ბიოლოგიის კურსში ეროვნული სასწ .გეგმით შესწავლილ
მასალებს, აკავშირებს რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან, გამოსავლის ძიებაში კი მოსწავლეს
უვითარდება ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულება , გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად
მიღების უნარი,იხვეწება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობა და გამოყენება
( ფოტოაპარატი, პროექტორი, კომპიუტერი), საპრეზენტაციო უნარების განვითარება,  რაც პირდაპირ პასუხობს ეროვნული სასწ. გეგმის მოთხოვნებს.
პროექტის ფასილიტატორი:  თამარ თვალიაშვილი - ბიოლოგიის მასწავლებელი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:  tamriko.tvaliashvili@gmail.com

       პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: tamrikotvaliashvili.blogspot.com

ნახეთ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეოhttp://youtu.be/mbtkIDP__0A




Monday, October 24, 2011

,,ვისწავლოთ რესურსების დაზოგვა"

      პროექტის სახელი: ,,ვისწავლოთ რესურსების დაზოგვა“
პროექტის მოკლე აღწერა: ენერგეტიკული რესურსების ეფექტურ გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, მით უფრო მწვავედ მდგარი გლობალური დათბობის პრობლემის ფონზე. კარგი იქნება ენერგოეფექტურობის სწორი ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვობიდან მოხდეს და არა მხოლოდ თეორიული სწავლებით, არამედ, პრაქტიკული ქმედებების დაგეგმით და, შემდგომ, მისი განხორციელებით. ლაპარაკია შეშის, როგორც ენერგეტიკული რესურსის, დაზოგვის ბავშვების მიერ შემოთავაზებულ გზებზე.
     პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანი: ა)შესწავლილ იქნეს შეშის მოხმარების ეკოლოგიური, ეკონომიკური და ენერგოეფექტური არსებული ღონისძიებების არსებული რეალური სურათი ჩვენი სოფლის მაგალითზე; ბ)შემუშავდეს შეშის დაზოგვის და შესაბამისად ტყის გადარჩენის რეალური გზები; გ) დაიგეგმოს და ჩატარდეს მოსწავლეთა მხრიდან შემოთავაზებული აქტივობები (ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჩვევების დამკვიდრებას უმცროსი ასაკიდანვე).
      მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-12-13 წელი/ VII კლასი.
      ვადები/ხანგრძლივობა: 2011 წ. ნოემბერი - 2012 წ.მარტი.
      პროექტის შესაძლო აქტივობები: - მოსახლეობის მიერ ენერგიის წყაროების და მოხმარების კულტურის დონის შესწავლა, შეშის ღუმელების სახეობების და მათი ენერგოეფექტურობის შესწავლა და შედარება, ენერგოეფექტური ღუმელების მნიშვნელობის გამოკვეთა, სააგიტაციო ღონისძიებათა დაგეგმვა და ჩატარება; მოსწავლეები საკუთარ ოჯახებში ითვლიან ერთ დღეში დამწვარი შეშის ხარჯს, ღუმელის ტიპს, შედეგებს უდარებენ ერთმანეთის მონაცემებს, აკეთებენ შესაბამის დასკვნებს. - ეძებენ შეშის ღუმელებში გამოსაყენებელ ალტერნატიულ საწვავ საშუალებებს და საინტერესოდ, სქემის საშუალებით წარმოადგენენ . გვთავაზობენ ოჯახებში ნაგვის დახარისხების წინადადებას და გვირჩევენ დავწვათ ღუმელში, რაც დაიწვება. კვამლის უარყოფითი მოქმედების შემცირებას კი იმით ხსნიან, რომ საკვამური მილებით იგი შედარებით მაღლა ადის, ვიდრე ეზოში დაწვისას და ცილდება სასუნთქ არეს; ეს ერთი მხრივ შეამცირებს შეშის ხარჯს და, მეორეს მხრივ, თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას. - შექმნიან პროექტის განხორციელებისას გადაღებული სურათების სლაიდშოუს და საპრეზენტაციო მასალას პროექტის წარდგენისთვის ფართო აუდიტორიის წინაშე.
      სარგებელი სხვებისთვის: პროექტი დააფიქრებს სხვესაც ( მათ შორის უფროსი ასაკის ადამიანებს) ენერგოეფექტურობის და ბუნების დაცვის საკითხებზე.
      სამუშაო ენა: ქართული.
      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს სხვადასხვა საგანში: -ბუნებისმცოდნეობაში ( ბუნების კვლევის, მასთან ჯანსაღი დამოკიდებულების და ბუნებაზე ზრუნვის უნარის განვითარებას. დაკვირვებისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებას, კვლევის უნარ-ჩვევებს). - ქართულ ენასა და ლიტერატურაში: შეიძენენ ინტერვიუს აღების, მოსახლეობის გამოკითხვის უნარებს, გაიუმჯობესებენ წერის და საპრეზენტაციო ჩვევებს. -საინფომაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში: ისწავლიან ინტერნეტში სპეციალური მასალის მოძიებას და დახარიხებას, პროექტის წარდგენისთვის ფართო აუდითორიის წინაშე ისწავლიან საპრეზენტაციო მასალის და სლაიდშოუს მომზადებას. - მოსწავლები სწავლობენ რა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ბუნებრივ პირობებს, შეუძლიათ მსჯელობა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანის გაუაზრებელმა მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო, -ეს კი არის ძირითადი მოთხოვნა, განსაზღვრული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით.

ყველა ერთად თამბაქოს წინააღმდეგ

პროექტის სახელი:
                ,,ყველა ერთად თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ“

           პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ეხება თანადროულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - სიგარეტის მწეველი მოსწავლეების რაოდენობის მატებას. თამბაქოს მოხმარება ,,გადამდები სენია“ და იქ უფრო ინტენსიურად ვრცელდება, სადაც ნაკლებად ებრძვიან, სადაც ცოტა იციან ამ ,,დაავადების“ გამომწვევ მიზეზებზე და მოსალოდნელ შედეგებზე. ეს პროექტი არის მცდელობა მწეველ მოსწავლეებს დავანახოთ თამბაქოს მოხმარების სრული საშიშროება, ხელი შევუწყოთ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება თვითონ, რადგან ძალდატანება ხშირად პროტესტს და საწინააღმდეგო ქმედებებს იწვევს. დიდი იმედი გვაქვს თანატოლების მაგალითის და რჩევის ავტორიტეტულობისაც.                                                                    

     მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-10 კლასი,15-16 წელი                                                   
     ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის მანძილზე


.             პროექტის სრული აღწერა  –

     პროექტის მიზანი: ა)პროექტით განსაზღვრული ქმედებები იყოს კიდევ ერთი აგური თანატოლების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში. ბ) გაიგონ ყველაფერი თამბაქოს ისტორიის, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების, ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის სიღრმის შესახებ და დავანახოთ საზოგადოების მხარში დგომა მავნე ჩვევის დავიწყების მცდელობისას. გ)მოსწავლეებს ვასწავლოთ საკუთარ პრობლემებზე დაფიქრება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მივეხმაროთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
    პროექტის შესაძლო აქტივობები: - პრობლემის მიზეზების გამოკვლევა და სამოქმედო გზების დასხვა - საზოგადოებრივი აზრის შესწავლა წინასწარ შედგენილი კითხვარებით. გამოკითხვის შედეგების და ინტერნეტით მოძიებული მასალების დახარისება; - სპეციალური ანტინიკოტინური კუთხის მოწყობა და მისი მასალების მუდმივი განახლება სასწავლო წლის მანძილზე; - ამ თემაზე გაკვეთილების ჩატარება საგნების :ქიმია, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, ინტეგრირებით; - ჩატარდეს აქცია ,, ერთი უარყოფილი ღერის ნაცვლად დაზოგილი სიცოცხლე“ (სოფლის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში ,სიგარეტის რელიზაციის ადგილებში, დაიდგმება სპეციალური სანაგვე ყუთები, აქტივისტები და სპეციალური მოწოდებები მოსახლეობას ამცნობს აქციის მიზანს) - სპეციალური ბუკლეტების დამზადება (ისინი მკითხველს ამცნობს საშიშროების რეალურობის, საკანონმდებლო აქტების შესახებ თამბაქოს მოხმარების ირგვლივ და მოუწოდებს დაფიქრდეს სანამ დროა); _ მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე მონაწილეობისათვის თემაზე: ,,ვისწავლოთ ცხოვრება თამბაქოს გარეშე“ - პროექტის მიმდინარეობის საჯაროობისთვის და თემის უფრო აქტიური ჩართვისთვის პროექტის განხორციელებასა და, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში, სკოლის ჟურნალის, ,,თანადგომა“, გამოყენება. - პროექტის გეგმის და საპრეზენტაციო მასალების განთავსება ბლოგზე.
     სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან: სკოლის დირექცია, პედაგოგები, თვითმმართველობის წევრი მოსწავლეები, სამეურვეო საბჭო და სოფლის მოსახლეობა, ეს ერთი მხრივ დადებითად იმოქმედებს პროექტის მიზნების მიღწევაზე და მეორე მხრივ ხელს შეუწყობს თემისა და სკოლის დაახლოვებას, ერთად შეეცდებიან მოსწავლეთა აღმზრდელობითი საკითხების მოგვარებას.
     სამუშაო ენა: ქართული.
     საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:ქიმიაში(მომწამლავი ნივთიერებების წარმომავლობის და საფრთხეების შესახებ); ბიოლოგიაში (ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების შესახებ); სამოქალაქო განათლება( სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა,კვლევების ჩატარების წესები,ჯანმრთებასთან და თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ცოდნა); საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინთერნეტში მასალების მოზიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით). და ზოგადად, პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას, რაც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებით.

Friday, July 1, 2011

,,გიყვარდეთ მცენარეები, გეშინოდეთ თვითმკურნალობის"

პროექტის სახელი:   „გიყვარდეთ მცენარეები,  გეშინოდეთ  თვითმკურნალობის“

პროექტის მოკლე აღწერა: ამ  ბოლო დროს მოსახლეობა სულ უფრო ხშირად მიმართავს  მცენარეებით თვითმკურნალობას. პრობლემაც სწორედ აქ იჩენს-ხოლმე თავს: უამრავი ფაქტია ცნობილი, როცა შედეგი სავალალოა _ შერყეული ჯანმრთელობა, დამახინჯებული სხეული, არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მცენარეების, ზოგადად ბუნების მიმართ. ამ პროექტით შევეცდებით დავანახოთ სამკურნალო მცენარეების უკან დამალული
 საფრთხეები, კიდევ ერთხელ შევახსენოთ სამკურნალო მცენარეების მოხმარების  წესები.
პროექტის სრული აღწერა:
        მიზანი:   ა) გაეცნენ ჩვენს სოფელში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს,
შეძლონ    მათი ამოცნობა, ისწავლონ შეგროვების, შრობის და შენახვის პირობები, გააცნობიერონ სამკურნალო საშუალების მომზადების, მიღების წესების და დოზების მკაცრად დაცვის აუცილებლობა
 ბ) ჩამოუყალიბდეთ ბუნებასთან სიახლოვის, სიყვარულის და მისით სწორად სარგებლობის უნარ-ჩვევები;
         გ) გაიღრმავონ  ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
      მონაწილეთა ასაკი:    12-15 წელი.
      ვადები/ხანგრძლივობა:    2011 წლის სექტემბერი - 2012 წლის მაისი.
      შესაძლო აქტივობები:  მოსწავლეები მოიძიებენ სოფლის ტერიტორიაზე არსებულ სამკურნალო მცენარეებ, გადაუღებენ სურათებს, შექმნიან სტენდებს და ფოტოალბომებს, დაამზადებენ ჰერბარიუმებს  ბიოლოგიის კაბინეტისთვის;
  შეხვდებიან მოსახლეობას, აიღებენ მათგან ინტერვიუებს, მოისმენენ ისტორიებს, ჩაიწერენ ხალხური მკურნალობის რეცეპტებს,  კონსულტაციებს გაივლიან კომპეტეტენტურ ადამიანებთან - გამოცდილ ხალხურ მკურნალებთან (ასეთები გვყავს სოფელში), სოფლის ექიმთან, პედაგოგებთან და მიღებულ ინფორმაციებს შეაჯერებენ, ჩამოაყალიბებენ და სხვებსაც  გააცნობენ წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან სამკურნალო მცენარეებით სარგებლობისას.
  მოამზადებენ რეფერატებს, ფოტოგამოფენებს და შესაბამის საპრეზენტაციო მასალის ელექტრონულ ვერსიებს და გააცნობენ ფართო აუდიტორიას, შეახვედრებენ  სპეციალისტებს,
მოასმენინებენ მათ რჩევებს. მოძიებულ საინტერესო რეცეპტებს და რჩევებს, ხალხური სამკურნალო საშუალებების მოხმარებისთვის, განათავსებენ შესაბამის ბლოგზე ინტერნეტში, ვებ-გალერეაში ატვირთავენ საინტერესო  სურათებს.
        სამუშაო  ენა:  ქართული
        კავშირი საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან,  ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან:     
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგანში - ბიოლოგიაში (ბუნებასთან ურთიერთობით, მოძიებული შესაბამისი მასალის ანალიზით);  გეოგრაფიაში (მცენარეთა ზონალური და რეგიონალური გავრცელების თავისებურებების ცოდნით); ქიმია (მომწამლავი ნივთიერებების, მათი წარმომავლობის და საფრთხეებისცოდნით);  სამოქალაქო განათლებაში (საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტერვიუების აღების წესების, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული  საკანონმდებლო საკითხების ცოდნით);  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მიძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების  მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით, ფოტომასალების მოძიებით და ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით, ნამუშევრების განთავსებით ბლოგში); ქართულში  გამოუმუშავდებათ კვლევის, დისკუსიების გამართვის უნარი; ხელოვნებაში გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები და ზოგადად, პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას.

პროექტის ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ თვალიაშვილი
Tamriko.tvaliashvili@gmail.com